აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - განახლებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, როცა წინა - აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა.
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა 2025 წელსაც შენარჩუნდება და 5.5%-ს გაუტოლდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვის ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას - საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება და მეორე - წინა პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა გაზრდილი.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ინფლაციის პროგნოზი შემცირების მიმართულებით გადაიხედა და საშუალოდ 2.5%-ს შეადგენს. ასევე აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად შემცირებულ უმუშევრობაზე - 2024 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებით ის ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 13.7%-ს შეადგენს", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, არამედ აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორისაც. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს - რომ საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება და იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.
„როგორც მოგეხსენებათ, წელს პირველი შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტემპი მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს.