მადრიდის მეტრო ამანათების მიწოდებას იწყებს - მიზეზი

ესპანეთის დედაქალაქი ქუჩებში სატვირთო მანქანების რაოდენობის შემცირების მიზნით, ამანათების მიწოდებას მეტროს მატარებლებით იწყებს.

როგორც „ევროპულსი“ წერს, ექსპერიმენტი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამანათების გადასაზიდად ცალკე მატარებელი ამოქმედდება, რომელიც 19:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს Circle Line 12-ზე. ჯამში, დღეში 700-მდე ყუთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ამანათებს მადრიდის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაიცავენ, სადგურებზე ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესს მხოლოდ სამი წუთი დასჭირდება.

სადგურზე ჩამოსული ამანათები გადაიგზავნება დანიშნულების ადგილამდე ველოსიპედებით, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ჰაერის დაბინძურება.

როგორც ცნობილია, ტრანსპორტი ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიების მეოთხედს შეადგენს, მანქანებს კი ამის 70% უკავია. მადრიდის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას, რომ 2050 წლისთვის ევროპის სათბურის გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რათა ყველა მათგანი მთლიანად შეიწოვოს ბუნებამ.