მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი შენდება, რომელიც უკვე გაჭრილია.
ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.
მინისტრის თქმით, დასრულებულია ბაღდათი-აბასთუმნის გზის 36 კმ-ის რეაბილიტაციაც და სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ მომავალ წელს ბაღდათიდან აბასთუმნამდე, აბასთუმნის შემოვლითი გზის ჩათვლით, გზა გაიხსნას ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4 საათის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ დასჭირდება.