თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ახალი მულტიფუნქციური ტერმინალი აშენდება, რომლის ფართობიც 30 ჰექტარი იქნება. პროექტი უზბეკი პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდება, ხოლო მისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 50 მლნ ლარი იქნება. ინფორმაციას EastFruit-ი ავრცელებს.
როგორც ფოთის თიზ-ის დირექტორი, დავით ებრალიძე აცხადებს, უზბეკ მხარესთან მოლაპარაკება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„პროექტის რეალიზება რამდენიმე ეტაპით მოხდება. პირველ ეტაპზე გაყინული პროდუქციის სათავსო გათავსდება, სადაც 1000 ტონა პროდუქცია დაეტევა. მეორე ეტაპზე 5000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული სატვირთო საწყობი მოეწყობა, ხოლო მესამე ეტაპზე იგეგმება 8000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული ნაყარი ტვირთების საწყობის, ასევე დიდი ზომის და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალის მშენებლობა.
ახალი სასაწყობო ტერმინალის ტვირთი უზბეკეთიდან შემოვა და ევროპაში ექსპორტზე გავა. გარდა ამისა, ტვირთის გადაზიდვა მოხდება საპირისპირო მიმართულებითაც“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.