BAG ინდექსი - 2024 წელს გამოკითხული ბიზნესის 58% ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 58% აცხადებს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 35% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

„აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2024 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება, კერძოდ, კომპანიათა 63% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას. მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში მსგავსი მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 58%-ს აქვს, ხოლო მშენებლობის სექტორში 57%-ს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 58% ვარაუდობს, რომ ინვესტიციებს აღჭურვილობების მიმართულებით გაზრდის. 59%-ს მსგავსი მოლოდინი პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების მიმართულებით აქვს, ხოლო 54% გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას შენობა-ნაგებობებში.

საერთო ჯამში, 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად, ბიზნესის 93% აფიქსირებს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.