„ეს არის ყაჩაღობა... მანქანებს ხეზე ვერ ჩამოკიდებენ“ - სად და როგორ უნდა გაკეთდეს ავტოსადგომები

„ზოგადად, რაც შეიძლება მეტი საპარკინგე სივრცის მომხრე ვარ. მხოლოდ 28 000 ადგილი გვაქვს მთელ ქალაქში, როცა 600 000 ავტომობილია. აბსოლუტურად არ შეეფარდება ერთმანეთს“- ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასწორად გაჩერებული ავტომობილების მიმართ მიდგომის გამკაცრება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი საპარკინგე სივრცეები შეიქმნება.

კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ავტოსადგომების მოწყობით ბიზნესის დაინტერესება, მევლუდ მელაძე ამბობს, რომ პრეცედენტი თავად თბილისის მერიამ უნდა შექმნას.

„პრეცედენტი უნდა შექმნას თვითონ თბილისის მერიამ, რომ ასეთი ავტოსადგომები არსებობდეს. არსებულ საპარკინგე სივრცეებზე, სადაც არასწორად არის გაჩერებული ავტომობილი, ისედაც ძალიან დიდია ჯარიმა (ავტომობილების გადაყვანა ხდება და ა.შ), უფრო მკაცრი შეიძლება იყოს მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაჩერებელი ადგილები გექნება. იმ პირობებში, როდესაც საპარკინგე სივრცე არ გაქვს, ახლა რაც ხდება, ეს არის ყაჩაღობა, არ არის გასაჩერებელი ადგილი და ამ მანქანებს ხეზე ვერ ჩამოკიდებენ.

იმისთვის, რომ ბიზნესს მიეცეს გასაქანი, ხილული უნდა იყოს ყველაფერი. სხვანაირად ინვესტორი ხელს არ მოკიდებს. ფული თუ დახარჯა, მას შემოსავალიც უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, საპარკინგე სივრცეებზე მოთხოვნა რომ არსებობს და ხალხი ამაში ფულს გადაიხდის, ამის პრეცედენტი უნდა შექმნას მერიამ. სხვანაირად ბიზნესი რისკს არ გაწევს, რადგან არ აქვს იმედი, რომ ხვალ რაღაც არ შეიცვლება და ეს საპარკინგე სივრცე ისე არ დარჩება. სულ რაღაც იცვლება და ეს არ არის სტაბილური ხაზი, არც ხედვა არსებობს, როგორი იქნება სამომავლოდ ამ საპარკინგე სივრცეების განვითარება. იქნება თუ არა საერთოდ.

ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო იმისთვის, რომ ფსონი დადოს.

ამიტომ, მერიამ, რამდენიმე სივრცე თვითონ უნდა შექმნას და თუნდაც მერე იჯარით გასცეს. ბიზნესიც დაინახავს, რომ ღირს ხელის მოკიდება.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც ავტოსადგომების გაკეთება შეიძლება, ეს უნდა იყოს იქ, სადაც მსხვილი შეკრების წერტილებია, ოფისები, მაღალსართულიანი სახლები და ა.შ. მე ვფიქრობ, ის ადგილები, რომელიც ხელსაყრელია ბიზნესისთვის, რომ მაღალსართულიანი შენობები ჩადგას, ასევე ხელსაყრელი იქნებოდა საპარკინგე სივრცეებისთვის. მერიის მხრიდან ამ კონკრეტულ ადგილებს პირადად მე გამოვიყენებდი იმისთვის, რომ ავტოსადგომები შემექმნა, თუნდაც სართულიანები“,- ამბობს მევლუდ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ავტოსადგომების მოწყობა, თბილსის მერის ერთ-ერთი დაპირება იყო. მას შემდეგ, აღნიშნული საკითხი „ბიზნესპრესნიუსმა“ არაერთხელ მოიკითხა დედაქალაქის მერიაში, სადაც აცხადებდნენ, რომ ამ თემით ინვესტორები არ ინტერესდებიან.

ნინი ქეთელაური