რატომ ყიდულობენ სომხეთი და აზერბაიჯანი კვერცხს საქართველოსგან და არა ევროპისგან ან რუსეთისგან

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 3,6 მილიონი დოლარის ღირებულების 9.619 მილიონი ერთეული კვერცხი გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,5 მილიონი დოლარი და 7,045 მილიონი ერთეული იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო პროდუქტი ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხია, რომელსაც საქართველოსგან მეზობელი ქვეყნები: სომხეთი და აზერბაიჯანი ყიდულობენ.

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში 2,6 მილიონი დოლარის ღირებულების 7,194 მილიონი ერთეული კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთმა კი 1 მილიონი დოლარის 2,424 მილიონი ერთეული კვერცხი იყიდა.

თუ რა განაპირობებს მეზობელ ქვეყნებში ქართულ კვერცხზე მაღალ მოთხოვნას, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა.

„სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის კვერცხის საქართველოდან ყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე რუსეთიდან ან ევროპიდან. რუსეთი შორია, სხვა ქვეყნების შემთხვევაში კი აქვთ გადასახადი.

ჩვენ რადგან ვიყავით ესენგე-ს წევრი, ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი, ამიტომ გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულება რომელიც ამ გადასახადს ხსნის. ძალიან მარტივი არითმეტიკაა და უხეშად რომ ვთქვათ, ასე ლაგდება, ქართული კვერცხი ინკუბირებისთვის გადის ძირითადად სომხეთში და აზერბაიჯანში, ხოლო საკვებად განკუთვნილი კვერცხი შემოდის ქვეყანაში.

ეს არის ექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზი, რადგან არც საწარმოები დამატებულა და არც წარმოება გაზრდილა. უბრალოდ, ქართველ მეწარმეებს უღირთ, რომ პროდუქტი გაიტანონ და გაყიდონ ამ ქვეყნებში, რადგან გადასახადი იხსნება“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ნათია ზარიძე