საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა - 27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მიიღებენ.

„მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი. დისკუსიის მიმდინარეობისას სპიკერები ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და ტრენდების შესახებ, ინდუსტრიის განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას. მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.