შობადობა მცირდება - ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა 1.7 ბავშვით განისაზღვრა

საქართველოში შობადობა მცირდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია.

კერძოდ, როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაიბადა 21 010 ბიჭი და 19 204 გოგო. აღნიშნული მაჩვენებელი კი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5 პროცენტით.

„ბოლო წლების განმავლობაში, შობადობის ზოგადი კოეფიციენტი (ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1 000 კაცზე) კლების ტენდენციით ხასიათდება და 2023 წელს 10.8 პრომილე შეადგინა.

რაც შეეხება შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს, აღნიშნული კოეფიციენტიც შემცირდა და ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა 1.7 ბავშვით განისაზღვრა,“- ნათქვამია პუბლიკაციაში.

თაია არდოტელი