„საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა“ - პრეზიდენტი

საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“.

„ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, რადგან დღევანდელი დღე სოხუმის დაცემის დღეა. ის, რომ დღეს შევიკრიბეთ პარიზში, ევროპის დედაქალაქში და თან შეგვკრიბა ევროპის მინისტრმა, (მე კარგი დამთხვევების მჯერა). ეს ნიშნავს, რომ ის გრძელი გზა, რომელიც საქართველომ გაიარა მისი დამოუკიდებლობის დღიდან, რასაც მაშინვე ომი დაუპირისპირდა, რომლის წარმოჩენა სურდათ, რომ თითქოს ეს იყო კონფლიქტი საქართველოს და აფხაზეთს, სეპარატისტულ რეგიონს შორის, სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის მიერ წამოწყებული, თავსმოხვეული და მისთვის სასურველი ომი. ამ გაგებით ომი აფხაზეთში იყო - «ბუჩა» ბუჩამდე.

როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, უკრაინაში, ამ ორწლინახევრის ომის განმავლობაში, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ.

ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე, სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი), ქართულ კოშმარად იქცა, ასევე, მთელს მოსახლეობაში, ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი.

30 წლის წინ, ამ დრამატული სიტუაციით დავიწყეთ, რაც რუსეთის ხელში ინსტრუმენტი იყო, რომლის გამოყენებაც სცადა საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის, ევროპისკენ წინსვლის სურვილის წინააღმდეგ. ხაზგასასმელია, რომ ამ გზის არცერთ მომენტში, საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% ამბობს და იმეორებს, რომ სურს ევროპელობა, მათ შორის, ამ კონფლიქტების მიუხედავად, რომლის გამოც მოსახლეობას შეეძლო ეთქვა, «შევეცადოთ რუსეთთან მორიგება ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის, გავცვალოთ ევროპული გზა უფრო მისაღებ მეზობელზე». საქართველოს ეს არჩევანი არასოდეს გაუკეთებია. 30 წლის შემდეგ და ამ ომის, მოგვიანებით კი, 2008 წლის ომის მიუხედავად, რამაც ეს სეპარატისტული კონფლიქტები დამოუკიდებლობაგამოცხადებულ ტერიტორიებად გადააქცია, რომლებიც მხოლოდ რუსეთმა და მცირე რაოდენობის სახელმწიფოებმა აღიარეს, მაინც არაჩვეულებრივ პროგრესამდე მივედით, რაც იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს, გასულ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი.

ეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, რომ უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება- მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო;

იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი. ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია.

ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, და ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ტრიოში აღმოვჩნდებით, (სადაც ასევე არჩევნებია, პრაქტიკულად, იგივე დროს, როდესაც ჩვენთან), ან აღარ იქნება საქართველო და იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ასევე მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით.

რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, ეს მიუღებელია, თუ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება გვსურს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.