სამეფო ოჯახის ხარჯების დაფარვა ბრიტანელ გადამხდელ მოსახლეობას წელიწადში 510 მილიონი ფუნტი (680 მილიონი დოლარი) უჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ანტიმონარქიული ორგანიზაცია Republic ავრცელებს.
თავის ახალ მოხსენებაში, ორგანიზაციამ შეაჯამა არა მხოლოდ მეფის, მთავრებისა და პრინცესების ხარჯები, არამედ ის ზარალიც, რომელიც, მისი აზრით, ბრიტანეთის ხაზინას ადგება იმის გამო, რომ მიწა და უძრავი ქონება ეკუთვნის არა სახელმწიფოს, არამედ მეფეს.
ამჟამად უშუალოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან ე.წ. „სუვერენული გრანტი“ წელიწადში 86 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 115 მილიონი დოლარი) გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ “სუვერენული გრანტი“ მხოლოდ სამეფო ოჯახის სასახლეების მოვლისა და ექსპლუატაციის პირდაპირ ხარჯებს, ასევე ვიზიტებისა და ცერემონიების ორგანიზებას ფარავს. გრანტს არ ეხება უსაფრთხოების ხარჯები.
თუმცა, ანგარიშის ავტორები აღიარებენ, რომ ეს არის „სავარაუდო ხარჯების სავარაუდო შეფასება“. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ბუკინგემის სასახლემ BBC-ის უარი უთხრა.