10 ძირითადი პროდუქტი, რითაც საქართველო ჩინეთთან ვაჭრობს

ძვირფასი ლითონები, სპილენძის მადნები, სამედიცინო ინსტრუმენტები, ნატურული ღვინო - ეს იმ საქონლის ძირითადი ჩამონათვალია, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჩინეთში საქონლის ექსპორტიდან 202 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში საქართველომ ჩინეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები (ვერცხლის გარდა) გაყიდა. ჯამში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 122.1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმ საქონლის ათეულში, რის ექსპორტიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო, მეორე ადგილზეა ურცი, დაფნის ფოთოლი და სუნელ-სანელებლები. შემოსავლებმა ამ შემთხვევაში 24.4 მლნ აშშ დოლარამდე მიაღწია. მესამე ადგილს კი იკავებს სპილენძის მადნები ექსპორტიდან მიღებული 20.2 მლნ დოლარზე მეტი შემოსავლით. 2024 წელს ჩინეთში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ათეულში დარჩენილ შვიდ ადგილს შემდეგი საქონელი ავსებს:

  • კათეტერები, კანულები და ანალოგიური ინსტრუმენტები - 12.4 მლნ აშშ დოლარი;
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 5.8 მლნ აშშ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები (2ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში) – 5.6 მლნ აშშ დოლარი;
  • სისხლის წნევის საზომი ინსტრუმენტები, ენდოსკოპები, სისხლის გადასხმის აპარატურა, ნერვულის სტიმულირების აპარატურა და სხვა - 3.3 მლნ აშშ დოლარი;
  • დაუმუშავებელი ალუმინის შენადნობები - 1.5 მლნ აშშ დოლარი;
  • სპილენძის დანარჩენი შენადნობები (სპილენძის ლიგატურების გარდა) – 981 ათასი დოლარი;
  • ორთოპედიული ან მოტეხილობის სამკურნალო სამარჯვები - 748 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან საქართველოში 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტში უდიდესი ნაწილი თვითმცლელ ავტომობილებს ეკავა. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან იმპორტირებული ძირითადი პროდუქციის ათეული ასე გამოყურება:

  • თვითმცლელები - 26.6 მლნ აშშ დოლარის;
  • ჰაერის კონდენცირების საშუალებები - 25.6 მლნ აშშ დოლარის;
  • პორტატიული ციფრული გამომთვლელი მანქანები მასით არა უმეტეს 10 კგ-ისა - 22.4 მლნ აშშ დოლარის;
  • ბრტყელი რკინის ნაგლინი - 20 მლნ აშშ დოლარის;
  • შინაური ქათმის ნაწილები და სუბპროდუქტები (გაყინული) – 17 მლნ აშშ დოლარის;
  • საბურავები ავტობუსების - 16.7 მლნ აშშ დოლარის;
  • ფეხსაცმელი რეზინის ან პლასტმასის ძირით - 15.8 მლნ აშშ დოლარის;
  • მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც მოძრაობაში მოდიან მხოლოდ ელექტრო ძრავის მეშვეობით - 14.6 მლნ აშშ დოლარის;
  • სამთვლიანი ველოსიპედები, ეტლები თოჯინებისათვის; თოჯინები - 14.3 მლნ აშშ დოლარის;
  • სარეცხი მანქანები არა უმეტეს 10 კგ ტევადობის - 13.5 მლნ აშშ დოლარის.

იხილეთ ასევე: TOP-5 საწარმო საქართველოში, სადაც ჩინეთი ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

მერი ტაბატაძე