„ახალგაზრდების მიგრაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა წყალტუბოსთვის - გამოსავალი შესაძლოა, სტარტაპების წახალისება იყოს“

„წყალტუბოსთვის მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქობულაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით პრობლემურია მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდების გადინება. მათი ნაწილი მიდის დედაქალაქში, ან საერთოდ ტოვებს ქვეყანას.

„წყალტუბოსთვის მიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით პრობლემურია ახალგაზრდების მიგრაცია როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამაზეც გვაქვს აქცენტები ჩვენს სტრატეგიაში და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთი საშუალება შესაძლოა, იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ქობულაძის თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესების წახალისება და დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, რათა ახალგაზრდები მშობლიურ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სტარტაპერების მხარდაჭერა, რათა მშობლიურ ქალაქსა თუ სოფელში შეძლონ თავისი საქმის დაწყება. შესაძლებელია სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის დონეზე პროგრამების შემუშავება, რომლითაც შევძლებთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, დაუბრუნდნენ თავის ქალაქს“, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

მერი ტაბატაძე