"იმ თანხასაც, რასაც მთავრობა მაძლევს, სრულად გამოვიყენებ ქველმოქმედებაში"

მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.