ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.235 მლრდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ჩინეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ თურქეთი, რუსეთი და აშშ უსწრებს.
გარდა სავაჭრო ურთიერთობისა, ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში და ახორციელებენ ინვესტიციებს ადგილობრივ საწარმოებში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რას შეიძლება ველოდოთ ანაკლიის პორტსა და ვაზიანის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, ასევე, როგორია საავტომობილო ინდუსტრიისა და შუა დერეფნის პერსპექტივები. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან ინტერვიუს:
ბატონო ელჩო, პირველ რიგში, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას შევეხოთ. როგორი ხედვა აქვს ჩინეთს საქართველოსთან მიმართებაში?
- ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა. მხარეებმა „ერთი სარტყელი და ერთი გზის ინიციატივის“ მშენებლობის ნაწილში ნაყოფიერ შედეგებს მიაღწიეს. ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.465 მლრდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 1.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჩინეთი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ჩინეთის ელექტრო ავტომობილები შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ქართული ღვინო და სხვა მაღალი ხარისხის აგროკულტურული პროდუქტები აგრძელებენ ჩინური ბაზრის მოცვას.
ინვესტიციების ნაწილში აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩინური კომპანია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული კუთხით თანამშრომლობის გზებს იკვლევს. ჩინური კომპანიები ასევე თანამშრომლობენ ანაკლიის პორტის პროექტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ პარკ ჰუალინგში ბევრი კოსმეტიკური, ფარმაცევტული, გადამამუშავებელი და სხვა სახის კომპანიები შევიდნენ. სამომავლოდ, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ჩინეთისა და საქართველოს საწარმოებს, გააძლიერონ ბიზნეს-კონტაქტები და აქტიურად მოვუწოდებთ ქართულ საწარმოებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორიცაა China International Import Expo და Export Fair.
ჩინური კომპანიების საშუალებით E60 აღმოსავლეთ–დასავლეთისა და ჩრდილო-სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. გაიხსნა არაერთი მონაკვეთი, რამაც გააუმჯობესა საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები.
რაც შეეხება ტურიზმს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 33 ათასამდე ჩინელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს, რაც წლიურად 160%-იანი ზრდაა. ამასთანავე, იზრდება ქართველი ტურისტების რაოდენობაც ჩინეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ Air China ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს მალე დაიწყებს.
შუა დერეფნის თემაზეც რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაწილში საქართველოსთან თანამშრომლობა და რამდენად უწყობს ხელს საქართველო შუა დერეფნით ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობას?
- შუა დერეფნის ინიციატივა საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნების თანამშრომლობით ხორციელდება. მისი როლი მდგომარეობს ახალი ევრაზიული ხიდის მშენებლობაში. საქართველოს შუა დერეფნის მთავარი მაკავშირებელია, ის მდებარეობს შავ ზღვაზე და აკავშირებს ევროპასა და აზიას. არაერთხელ ხაზგასმით მითქვამს, რომ ჩინეთისა და ევროპის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რთული იქნებოდა შუა დერეფნის ინიციატივის მიზნების მიღწევა.
ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ხელი შეუწყოს შუა დერეფნის პროექტისა და „ერთი სარტყელი და ერთი გზის ინიციატივის“ დაკავშირებას. ჩინეთის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში შუა დერეფნის მარშრუტით CHINA RAILWAY Express-ის 111 გადაზიდვა განხორციელდა, რაც წლიურად 15-ჯერ არის გაზრდილი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში იმყოფებოდა და CHINA RAILWAY Express-ის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერა.
ჩინეთი გამოიყენებს შესაძლებლობას, მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირთან, გააძლიეროს თანამშრომლობა და კომუნიკაცია, გაზარდოს ინვესტიციები, გააძლიეროს საბაზრო თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის მშენებლობას. მჯერა, რომ ეს გაზრდის რეგიონულ სატრანსპორტო ეფექტურობას, მაგრამ ასევე წარმოადგენს ძლიერ იმპულსს რეგიონული ეკონომიკის, ვაჭრობისა და სოციალური განვითარებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
რამდენად საინტერესოა ჩინეთისთვის ანაკლიის პორტის პროექტი? რას შეცვლის ეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით?
- ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ არსებული ქვეყნებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ პორტს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის გაუმჯობესება შეუძლია.
ამჟამად China Communications Construction Company (CCCC) აქტიურად მონაწილეობს ანაკლიის პორტის პროექტში და ქართულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს. თუ ჩინური კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ პორტის მშენებლობასა და ოპერირების პროცესში, ეს უდავოდ გაზრდის საქართველოს პოზიციებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმზიდველობას.
მიიჩნევა, რომ ანაკლიის პორტი გახდება შესანიშნავი პროექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისთვის და გარდამტეხი იქნება საქართველოს საერთაშორისო დონეზე ლოგისტიკური პოზიციონირებისთვის. ამასთანავე, გრძელვადიან პერიოდში, პორტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ლოჯისტიკურ ინდუსტრიას, გახდეს საქართველოს ეკონომიკის მეორე საყრდენი ტურიზმის შემდეგ.
როგორც მაისში გახდა ცნობილი, საქართველოში ჩინური ავტომობილების ბაზრობის გახსნა იგეგმება. საინტერესოა, რა ეტაპზეა პროცესი?
- ნება მომეცი განვმარტო, რომ ამჟამად ჩინური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში მეორადი ავტომობილების ვაჭრობით, და არა წარმოებით. ამჟამად, ბევრი ჩინური ლოჯისტიკური და e-commerce კომპანია ეწვია საქართველოს და გამოხატა ინტერესი მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. ზოგიერთი ჩინური კომპანია იკვლევს საქართველოს მეორადი ავტომობილების e-commerce პლატფორმის შეძენის შესაძლებლობას. ჩინურ კომპანიებს სჯერათ, რომ შუა დერეფნის მშენებლობის ეტაპობრივი წინსვლითა და E60 ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით საქართველოს სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბების პოტენციალი გაიზრდება.
ამასთანავე, მათ სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობასთან ერთად, მეორადი ავტომობილების ვაჭრობისთვის მეტი პოტენციალი გაჩნდება. აღნიშნული არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ბაზრების საჭიროებას დააკმაყოფილებს.
დაინტერესებული არიან თუ არა ჩინური კომპანიები ვაზიანის აეროპორტით? რას შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ?
- მას შემდეგ, რაც საქართველომ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტის შესახებ განაცხადა, ბევრმა ჩინურმა კომპანიამ გამოხატა ინტერესი. გასაგებია, რომ პროექტი ჯერჯერობით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებასა და მხარდაჭერას.