როგორია ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ქონება და ხელფასი

MMA-ის სპორტსმენებს, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, რომლებმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის ტიტულები მოუტანეს, საქართველოს მთავრობა ჯილდოს სახით ბიუჯეტიდან მილიონ ლარს გადაუხდის.

პრემიერის განცხადებას უკვე გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას საკუთარ ფულად სახსრებს დაამატებს და მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარს, ქვეყნის მასშტაბით კი დარბაზებს გახსნის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია სპორტსმენების ქონება: Essentiallysports-ის მონაცემების მიხედვით, ილია თოფურიას ქონება დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ თოფურიას საბაზისო ანაზღაურება მოგებული ბრძოლისთვის 80 ათასი დოლარია. ამას გამარჯვების შემდეგ ემატება ბონუსები.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მერაბ დვალიშვილის ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სპორტსმენის საბაზისო ანაზღაურება თითო მოგებული ბრძოლისთვის ბონუსების გარეშე 200 ათას დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.

საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.

იხილეთ ასევე: რამდენს გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი ო’მალის დამარცხებით

რა ღირს UFC-ის საჩემპიონო ქამარი და რის მიხედვით იზრდება ღირებულება

მერი ტაბატაძე