COVID-19-ის პანდემიის დასრულებისა და კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბევრი ქვეყანა ტურისტების მკვეთრ ნაკადს განიცდის, რამაც ზოგან ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიც კი გამოიწვია. საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ და ჭარბი ტურიზმის შეზღუდვის მიზნით მთავრობებმა ტურისტებისთვის დამატებითი გადასახადები შემოიღეს, ხოლო საკრუიზო გემების მოძრაობა და მოკლევადიანი გაქირავებები შეამცირეს.
მიმოხილვა “კომერსანტმა” მოამზადა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ივნისში დააანონსა, რომ ყველაზე პოპულარულ კუნძულებზე, სანტორინისა და მიკონოსზე საკრუიზო გემების რაოდენობას შეზღუდავდა, ხოლო 8 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისმა განცხადა, რომ საკრუიზო გემების მგზავრებზე 20-ევროიან გადასახადს დააწესებს. გადასახადი ზაფხულის პიკურ სეზონზე იმოქმედებს. ამასთან, საბერძნეთის მთავრობა ათენის სამ ცენტრალურ უბანში მოკლევადიანი გაქირავებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემას აკრძალავს, რაც ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. თუმცა საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ვადა შესაძლოა, ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდეს. ასევე, საბერძნეთის მთავრობა მოკლევადიან გაქირავებაზე დამატებით დღიურ გადასახადს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 1,5 ევროდან 8 ევრომდე, ხოლო ზამთრის თვეებში 0,5-დან 2 ევრომდე ზრდის.
ინდონეზიის ხელისუფლებამ 9 სექტემბერს საკურორტო კუნძულ ბალის ზოგიერთ რაიონში ახალი სასტუმროების, ვილებისა და ღამის კლუბების მშენებლობაზე მორატორიუმი შემოიღო. მთავრობის განცხადებით, კუნძული ზედმეტად არის გაშენებული, სადაც ბევრი ტურისტია, ეს ყველაფერი კი ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიასა და კულტურას ტვირთად აწევს. სამშენებლო შეზღუდვებზე ოთხიდან ათ წლამდე ვადა განიხილება. 2023 წლის ბოლოსთვის კუნძულზე 541 სასტუმრო იყო. კორონაპანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტების ნაკადი ბალიში მკვეთრად გაიზარდა. ინდონეზიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ბალის 2,9 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, რაც ქვეყანაში იმავე პერიოდში შესული ტურისტების საერთო რაოდენობის 65%-ია. ამასთან, დაახლოებით, 200 ათასი უცხოელი ბალიზე მუდმივი მაცხოვრებელია, რომლებიც დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით სარგებლობენ. ეს კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს, ხოლო სამუშაოს პოვნისა და საცხოვრებლის დაქირავების შესაძლებლებებს ამცირებს.
საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჭარბი ტურიზმი განიცადა. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ტურიზმის მინისტრ ოლივია გრეგუარმა სამოქმედო პროგრამა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ტურისტების რაოდენობაზე, ასევე, წინასწარ დაჯავშნებზე შეზღუდვები დაწესდა ისეთ პოპულარულ ადგილებში ვიზიტებისთვის, როგორიც არის ნორმანდიის მონ სენ-მიშელის სააბატო ან კალანკის ეროვნული პარკი პროვანსში.
იტალიის ქალაქ ფლორენციის ისტორიულ ცენტრში ტურისტებისთვის Airbnb-ისა და მსგავსი კომპანიების მეშვეობით უძრავი ქონების ახალი მოკლევადიანი გაქირავებები 2023 წლის ივნისიდან აიკრძალა. თუმცა აკრძალვა არ შეეხო ქალაქის ცენტრში უკვე რეგისტრირებულ 8 ათას ობიექტს და მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც საცხოვრებელ ფართს მოკლე ვადით პირველად აქირავებს. ამასთან, ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები დაუწესა იმ მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთ უძრავ ქონებას ხანგრძლივი ვადით აქირავებენ. ფლორენციის ისტორიულ რაიონში მოკლევადიანი გაქირავების 11,000-მდე ობიექტია, რომლის 70%-ზე მეტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
1-ლი აგვისტოდან ვენეციაში ახალი ტურისტული წესები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ტურისტული ჯგუფების რაოდენობა 25 ადამიანს არ უნდა აღემატებიდეს. ამასთან, გიდებს ტურებზე დინამიკების გამოყენება ეკრძალებათ. წესების დარღვევისთვის ტურისტებსა და გიდებს 25-დან 500 ევრომდე ჯარიმები დაეკისრებათ. შეზღუდვები როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე, მურანოს, ბურანოსა და ტორჩელოს კუნძულებზე ვრცელდება. ამასთან, ვენეციაში 8:30-დან 16:00 საათამდე ვიზიტისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაწესდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მოქმედებდა. საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმა 50-დან 300 ევრომდე შეადგენდა. ექსპერიმენტი ივლისში დასრულდა.
ესპანეთში, ბარსელონას საკრებულომ წლევანდელ ზაფხულს ტურისტული გადასახადის მორიგ ზრდას კენჭი უყარა, რომელიც 1-ლი ოქტომბრიდან ქალაქში გატარებული ყოველი ღამისთვის ერთ ადამიანზე 4 ევროს შეადგენს. ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი არაერთხელ გაზარდა. კერძოდ, ბოლოს გადასახადი ორ ეტაპად, 2023 წლის 1-ლი აპრილიდან 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან უკვე 3,25 ევრომდე გაიზარდა. ამასთან, ამ საქალაქო გადასახადის გარდა, ბარსელონაში ვიზიტორებმა რეგიონული გადასახადიც უნდა გადაიხადონ. მისი ოდენობა იმ საცხოვრისის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელშიც დამსვენებლები ჩერდებიან. მაგალითად, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ეს გადასახადი 1,70 ევროს, Airbnb-ზე და მსგავს პლატფორმებზე ნაქირავებ საცხოვრისზე 2,25 ევროს, ხოლო ხუთვარსკვლავიანი და ძვირადღირებული სასტუმროებისთვის 3,50 ევროს შეადგენს.
ასევე, საკრუიზო გემების მგზავრები, რომლებიც ქალაქში 12 საათზე ნაკლები დროით ჩერდებიან, რეგიონს 3 ევროს, ხოლო 12 საათზე მეტ დროში 2 ევროს უხდიან. ამდენად, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ბარსელონას ვიზიტორებს ქალაქისთვის, რეგიონული ტურისტული გადასახადის გარდა, ღამეში ამჟამინდელი 3,25 ევროს ნაცვლად, 0,75 ევროთი მეტი, ანუ 4 ევროს გადახდა მოუწევთ. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გაჩერებული სტუმრები ერთ ადამიანზე ღამეში სულ 7,50 ევროს, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში ამჟამინდელი 47,25 ევროს ნაცვლად 52,50 ევროს გადაიხდიან. ამასთან, 2023 წლის 1-ლი მარტიდან გიდებს ბარსლონაში მხოლოდ 20-კაციანი ტურისტული ჯგუფების შეყვანის უფლება აქვთ. მათ მეგაფონების გამოყენებაც აეკრძალათ, ხოლო ჯარიმა 1,5-დან 3 ათას ევრომდე შეადგენს.
ცნობისთვის: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, ტერმინი “ოვერტურიზმი” (overtourism) პირველად 2001 წელს, Sydney Morning Herald-ის ჟურნალისტმა, ფრეია პეტერსენმა თავის სტატიაში პომპეიზე ვიზიტის შემდეგ გამოიყენა. ის აღაშფოთა ტურისტული ნაკადების ცუდმა ორგანიზებამ, რის გამოც ტურისტები ერთმანეთსაც ხელს უშლიდნენ და ღირსშესანიშნაობების უსაფრთხოებასაც ემუქრებოდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ