მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა - როგორია პარამეტრები

მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.
  • 2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

სოციალური მიმართულებით:

  • ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;
  • გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
  • 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური დახმარება შეადგენს 200 ლარს;
  • ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6,3 მილიარდ ლარს;
  • ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,9 მილიარდი ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

განათლების მიმართულებით:

  • განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
  • საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;
  • გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები;
  • საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 920,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 515,0 მლნ ლარი.

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:

  • თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 330 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 410,0 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურა:

  • ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,0 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი;
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930,0 მლნ ლარამდე;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი;

ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2025 წელს გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარზე მეტი;

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 630,0 მლნ ლარზე მეტი;

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 240,0 მლნ ლარამდე;

საჯარო მოხელეთა ანაზღაურება:

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა საბიუჯეტო პროცესის თანახმად, გაგრძელდება პარლამენტში, სადაც მოხდება გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვა, ხოლო დეკემბერში საბოლოო ვერსიის მიღება.