შვედეთის მთავრობამ სპეციალური გამომძიებელი დანიშნა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით მათხოვრობის აკრძალვის შესახებ 2025 წლის ივნისამდე მოხსენება უნდა მოამზადოს.
ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდზე ვრცელდება.
მთავრობის განცხადებით, მათხოვრობა შვედეთში დიდი ხანია, იშვიათი მოვლენაა. 2010-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირის მოქალაქეებმა შვედეთში, მათ შორის, მათხოვრობისთვის, ადრინდელთან შედარებით, უფრო ხშირად დაიწყეს ჩასვლა.
იუსტიციის მინისტრი, გუნარ სტრემერი აცხადებს, რომ ვინც შვედეთში სამათხოვროდ ჩადის, როგორც წესი, მეტად მოწყვლად მდგომარეობაში ვარდება, რაც ხშირად ორგანიზებულ დანაშაულთან და ადამიანებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული.
შვედეთის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი დადგენილებებით გარკვეულ ადგილებში მათხოვრობის აკრძალვის უფლება უკვე აქვთ, თუმცა ლოკალური აკრძალვების გამოცხადებაზე მათ გარკვეული შეზღუდვები ხელს უშლით. ამდენად, სპეციალურმა გამომძიებელმა უნდა განიხილოს დადებითი და უარყოფითი მხარეები და შვედეთში მათხოვრობასთან ბრძოლის შემდგომი ზომებისთვის წინადადებები შეიმუშავოს.
ცნობისთვის: 2018 წლის დეკემბერში კომუნა, ველინგე შვედეთში პირველი მუნიციპალიტეტი გახდა, რომელმაც მათხოვრობა ოფიციალურად აკრძალა, ხოლო 2019 წლის აგვისტოში ესკილსტუნე შვედეთის პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც მათხოვრობის ლიცენზია შემოიღო. ქალაქის ქუჩებში შემწეობის თხოვნის მსურველებს სამი თვის განმავლობაში მათხოვრობის ნებართვისთვის 250 შვედური კრონი (23 ევრო) უნდა გადაეხადათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ