„ადამიანებს აინტერესებთ ფული და ნაკლებად აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ“ - როგორც კომპანია "სი ეი ენთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, ამისი დასტურია ბოლოს მომხდარი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ტურისტი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და გარდაიცვალა.
„ქვეყანაში ზერელე დამოკიდებულებაა იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. ადამიანებს აინტერესებთ ფული და ნაკლებად აინტერესებთ ის, რასაც აკეთებენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ბოლოს მომხდარი ინციდენტიც ამისი დასტურია. ეს ხომ ურბანული დაგეგმვის ნაწილია, სადაც ბევრი სხვადასხვა სტანდარტი არსებობს - რესპუბლიკის მოედანი, რომელიც ტურისტული ცენტრია, იქ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს, რადგან მეტი რისკი არსებობს. შესაძლოა, რეაბილიტაციის შემდეგ იკლო მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირის სიმაღლემ და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი“ - განაცხადა სანდრო შელიამ.
მისი თქმით, ამისი მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყანაში ცოტაა ამ კუთხით პროფესიონალი ადამიანი.
„გვახსოვს ვაკის პარკის ტრაგედიაც. წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ეს შადრევანი დაპროექტდა, მას ჰქონდა ისეთი სიმაღლის მოაჯირი, რომელზეც ადვილად ვერ ახვიდოდი. ანუ შადრევანი საბანაოდ არ იყო განკუთვნილი, რადგან მასში საშიში ელექტროგაყვანილობა იყო.
ზოგადად, ქვეყანაში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია და ვინც იტყოდა: „კი, ძალიან ლამაზია, მაგრამ არ არის უსაფრთხო“. და მეორე საკითხია კიდევ აქ, რომ ეს არ არის პრიორიტეტი არც სახელმწიფოსთვის, არც კომპანიისთვის, რომლებიც ტენდერის საშუალებით ახორციელებენ ამა თუ იმ სამუშაოს“ - განაცხადა სანდრო შელიამ.