2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.
რაც შეეხება ფასებს, პირველი რეისი თბილისიდან პარიზის მიმართულებით 9 აპრილს შესრულდება და მგზავრობის ფასი 119 ევრო იქნება, თუმცა გარკვეულ თარიღებში ფრენის ღირებულება 190 ევროდან დაიწყება და 550 ევროს მიაღწევს.
რაც შეეხება პარიზიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრობის საშუალო ღირებულება 120 ევროს შეადგენს.