სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩას, რომლის სიგრძე 2 600 მეტრია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუჩაზე კომპანია GWP-ს მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. მისი თქმით, ამ ეტაპზე, შეიცვლება გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელი, ხოლო საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება; მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED სანათები.

„ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები და გადასასვლელი კუნძულები, ხოლო, საავტომობილო გზაზე სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. სამუშაოები 2025 წლის მარტის თვეში დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.