თუ ჩინური კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმზიდველობას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში ანაკლიის პორტმა შესაძლოა, საქართველოში ლოჯისტიკური ინდუსტრიის განვითარებას შეუწყოს ხელი და ტურიზმის შემდეგ, ქვეყანაში მეორე ეკონომიკურ საყრდენად აქციოს.
„ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და ზოგადად შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ არსებული ქვეყნებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ პორტს ევრაზიის რეგიონში წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობის გაუმჯობესება შეუძლია.
ამჟამად China Communications Construction Company (CCCC) აქტიურად მონაწილეობს ანაკლიის პორტის პროექტში და ქართულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს. თუ ჩინური კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ პორტის მშენებლობასა და ოპერირების პროცესში, ეს უდავოდ გაზრდის საქართველოს პოზიციებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმზიდველობას.
მიიჩნევა, რომ ანაკლიის პორტი გახდება შესანიშნავი პროექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისთვის და გარდამტეხი იქნება საქართველოს საერთაშორისო დონეზე ლოგისტიკური პოზიციონირებისთვის. ამასთანავე, გრძელვადიან პერიოდში, პორტმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ლოჯისტიკურ ინდუსტრიას, გახდეს საქართველოს ეკონომიკის მეორე საყრდენი ტურიზმის შემდეგ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: „ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა“ - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან