„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, პრაქტიკულად, დაუტვირთავია,“ - ამის შესახებ ინფორმაციას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ თუ როგორ იყენებს საქართველო შუა დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. კვლევის ეტაპზე რუსეთ - უკრაინის ომამდე და 2022–2023 წლებში, დერეფნის გასწვრივ 15 სატრანსპორტო ნაკადის გადაზიდვის დინამიკა გაანალიზდა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს რკინიგზამ ტვირთნაკადების ალტერნატიული დერეფნებიდან მოზიდვის კონკრეტული ამოცანა ადეკვატურად ვერ უზრუნველყო. უფრო კონკრეტულად, ცენტრის შეფასებით, 2022 წელს საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მომდევნო წელს რკინიგზის გადაზიდვები 8%-ით არის შემცირებული.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 11%-ით შემცირდა სატრანზიტო გადაზიდვები. ამასთან ერთად კლების ტენდენცია შეინიშნება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების კუთხითაც.
„საქართველოს გავლით სატრანზიტო ავტოტრანსპორტის ანალიზი ცხადყოფს, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს - 50% იანი ზრდის შემდეგ, სატრანზიტო ავტოტრანსპორტის ზრდა მხოლოდ უმნიშვნელო 5%-ია, რაც მიუთითებს, რომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ტვირთები გადანაწილდნენ სხვა ალტერნატიულ დერეფნებში ან დაბრუნდნენ ადრინდელ აპრობირებულ მარშრუტებზე.
საქართველოს ნავსადგურებში, 2022–2023 წლებში, პრაქტიკულად, არ შეინიშნება გადამუშავებული ტვირთების ზრდის მაჩვენებლები. გამოსაყოფია ბათუმის ნავსადგური, სადაც ტვირთბრუნვის - 25%-ით და ნავთობნაკადის გატარების 20%-იანი ვარდნაა.
პრაქტიკულად, დაუტვირთავია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აღნიშნული მაგისტრალით ტვირთების გატარების შესაძლებლობა მხოლოდ 10-15% ფარგლებშია ათვისებული. ამასთანავე, ფაქტობრივად, არ იზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გატარებული ნავთობნაკადის მოცულობა.
სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, გამოსაყოფია ორი ზრდადი ტვირთნაკადი, პირველ რიგში, ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთები, რომელიც 2023 წელს წინა წელთან შედარებით, 65%-ითაა გაზრდილი. ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეები პიკურ ნიშნულზე მუშაობს და მოითხოვს ინფრასტრუქტურის გაფართოებას.
მეორე ზრდადი პარამეტრია - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით TITR ტვირთების 80%-იანი ზრდა, რომელიც თავისი არსით მოიცავს მთელს დერეფანს ჩინეთიდან საქართველოს ნავსადგურებამდე, მიუხედავად 80%-იანი ზრდისა, 2023 წელს დაფიქსირებული - 2.7 მლნ ტონა, არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებამდე არ აღწევს“, - აღნიშნულია კვლევაში.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დასკვნით, შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, ძირითად სატრანზიტო არტერიებსა და ნავსადგურებში გადაზიდვების მოცულობა მცირდება. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ „ერთობლიობაში საქართველოზე გამავალი დერეფანი, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვერ იყენებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობას“.