განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს ალექსანდრე წულაძე დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე, ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრის (ამჟამად უკვე ყოფილი) გიორგი ამილახვარის მოადგილის პოსტს იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. ამის მიზეზად კი, კერძო სექტორში დაბრუნება დაასახელა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს, ალექსანდრე წულაძე.
მის მიერ წელს, ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, განათლების ახალი მინისტრის სახელზეა: 2 ბინა თბილისში, 2 ავტოფარეხი, სარდაფი, 2 მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.
ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ასევე თბილისში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ალექსანდრე წულაძე, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე - 7 278,57 ლარს, ანაბარზე - 28 119,89 აშშ დოლარს, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 52 000 აშშ დოლარს (როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქონების რეალიზაციიდან მიღებული).
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ალექსანდრე წულაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, 2023 წლის 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 2 დღეში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 694,89 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომისიის წევრობისთვის, 1 წელში - 3235,14 ლარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის - 129 532,44 ლარი.