შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში დოკერები (მტვირთავი მუშები) გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გაფიცვა გუშინ დაიწყო, რაც სამუშაოს პირველი ყველაზე მასშტაბური შეჩერებაა, თითქმის, 50 წლის განმავლობაში. ქვეყნის საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით, ნახევარი გაჩერდა.
შედეგად მენის შტატიდან ტეხასამდე მდებარე ათობით პორტში, საკვები პროდუქტებიდან დაწყებული ავტომობილებით დამთავრებული, ყველანაირი ტვირთი დაბლოკილია.
ანალიტიკოსების გამაფრთხილებელი შეფასებით, გაფიცვა ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი დაუჯდება, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებსა და გაზრდის ინფლაციას.
კერძოდ, JPMorgan Chase & Co-ს თანახმად, პორტების დახურვის შედეგად ეკონომიკური ზარალი დღეში 3.8 მლრდ დოლარიდან 4.5 მლრდ დოლარამდე შეადგენს.
დოკერთა ასოციაცია (ILA), რომელიც 45,000 ნავსადგურის მუშაკს წარმოადგენს, ახალი ექვსწლიანი კონტრაქტისთვის United States Maritime Alliance-ის (USMX) დამსაქმებელ ჯგუფთან მოლაპარაკებებს ბოლო ვადამდე, ანუ 30 სექტემბრის შუაღამემდე მართავდა. თუმცა, ILA-ს განცხადებით, დამსაქმებლები, როგორიც არის საკონტეინერო გადაზიდვის ოპერატორი, Maersk და მისი ერთეული, APM Terminals North America, ხელფასების შესაბამისი ზრდა პროფკავშირს არ შესთავაზა. შეთანხმება ვერც პორტის ავტომატიზაციის პროექტების შეწყვეტაზე იქნა მიღწეული.
ცნობისთვის: ImportGenius-ის მონაცემებით, გასულ კვირას ამ პორტებით, თითქმის, 14 მლრდ დოლარის საქონელმა გაიარა, ხოლო მხოლოდ გასულ პარასკევს ტვირთის მოცულობამ 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურეში მდებარე პორტებს შეერთებულ შტატებში საკონტეინერო ტვირთის 43%-დან 49%-მდე შეაქვთ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ