სამხრეთ იტალიაში ზეთის საწარმოებელი ზეთისხილის მოსავლის დანაკარგი წელს 40%-ს შეადგენს.
ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს.
იტალიის აგროსასურსათო ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Ismea-ს მონაცემებით, მოსავლის შემცირების მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. თუ ქვეყნის ცენტრში და ჩრდილოეთით ზაფხულში საკმარისი ნალექი იყო, სამხრეთი გვალვას განიცდიდა. შედეგად, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მოსავალი 74,3%-ით, ხოლო ჩრდილოეთში - 70,2%-ით გაიზარდა.
თუმცა აპულიაში, სადაც ყველაზე მეტი ზეთისხილის კორომია, მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, განახევრდა. კერძოდ, მცენარეებს ყვავილობისა და ნაყოფისათვის საკმარისი ტენიანობა არ ჰყოფნიდათ. გვალვის მსგავსი მდგომარეობა კალაბრიასა და სიცილიაშიც დაფიქსირდა.
სამხრეთ იტალიაში მოსავლის დანაკარგების გამო ქვეყანაში წარმოებული ზეითუნის ზეთის მთლიანი რაოდენობა შემცირდება. თუმცა მსოფლიოში კლება არ შეინიშნება და პირიქით, წარმოების 23%-იანი მატება ფიქსირდება.
ცნობისთვის: იტალია, დაახლოებით, 224 ათას ტონა ზეითუნის ზეთს აწარმოებს და მსოფლიო მწარმოებლებს შორის მეხუთე ადგილზეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ