GCCA-ის მიერ ცემენტის წარმოების სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ფ/პ „ემინ უჩარის“ მიერ შპს „ჯერმან ცემენტ ლტდ-ის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კონცენტრაცია სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.

„შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას დაევალა - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა, ხოლო კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ფ/პ „ემინ უჩარს“ ჯარიმა დაეკისრა.

სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ განსახილველი კონცენტრაციის მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ბაზრებზე და შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

ინფორმაციისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს, 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. იანვარი-ივნისის თვის ჩათვლით, GCCA-ის მიერ 35 924 კონცენტრაცია გადამოწმდა. ამ დროისთვის, განხილვის ეტაპზეა 1 კონცენტრაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.