პეტრე ცისკარიშვილი - არაა გასაკვირი, რომ სანქციები, პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებზე აისახა

არაა გასაკვირი, რომ ეს სანქციები, პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებზე აისახა, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას, სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაღრმავდება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებს სავარაუდოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებულია.

„ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ პირველ რიგში, ამერიკის კანონმდებლობის ერთი კონკრეტული საკანონმდებლო აქტი, რომელსაც „მაგნიტსკის აქტი“ ჰქვია, იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც ებრძვიან ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ფეხქვეშ თელავენ. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი რეჟიმი გვყავს და სწორედ, ასეთი მმართველი ჩვენ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სახით გვყავს, ამიტომ მას ნუ გაუკვირდება, რომ პროპორციული რეაქციაა დასავლეთის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მე აბსოლუტურად არ მიკვირს, რომ ეს მის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებზე პირველ ეტაპზე აისახა, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას მანიპულაციით, ციფრების გადასწორებით, ოქმების გადაწერით და სხვა გზებით, მაშინ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება სანქციების რეჟიმი და სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის იქნება, მისი მომავლისთვის. ჩვენ არ გვინდა, ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებულია იმიტომ, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ისტორიული მიზანი, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის და ეს ამოცანა ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა შეასრულოს. ისეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც დაპირისპირებულია დასავლეთთან და პრაქტიკულად, ქართველი ხალხის ამ ისტორიულ მიზანს ბარიერად გადაეღობა, ეს რეალობა ჩვენ შეგვიძლია 26 ოქტომბერს შევცვალოთ და სწორედ, ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ს საელჩო არ ადასტურებს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. „ფორმულას“ ინფორმაციითვე, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, „აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.