გერმანია დასაქმებაზე უარის თქმისა და არალეგალური სამუშაოსთვის ჯარიმებს აწესებს

გერმანიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სოციალური დახმარების (Bürgergeld-ის) მიმღები პირებისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს.

ინფორმაციას გერმანიის შრომისა და სოციალური დაცვის ფედერალური სამინისტრო ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, რომლებიც საპატიო მიზეზის გარეშე სამუშაოზე ან ტრენინგზე უარს იტყვიან, შემწეობა სამი თვის განმავლობაში 30%-ით შეუმცირდებათ.

უმუშევრებს, რომლებიც დასაქმების ცენტრში მიღებაზე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდებიან, ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში, ასევე, 30%-ით შეუმცირდებათ. მანამდე ეს ჯარიმა მხოლოდ 10%-ს შეადგენდა.

უფრო მკაცრი სანქციები ემუქრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებენ და არალეგალურად მუშაობენ. კერძოდ, დასაქმების ცენტრებს კანონით მოეთხოვებათ, სავარაუდო არადეკლარირებული შრომის შესახებ საბაჟო ადმინისტრაციას შეატყობინონ.

„ეს მიზნად ისახავს მომავალში ეფექტურ ბრძოლას არადეკლარირებულ შრომასთან, რასაც სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეები ეწევიან,“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, გერმანიის მთავრობა ადგენს მაქსიმალურ დასაშვებ დროს, რომელიც ადამიანმა სამსახურში მგზავრობისას უნდა დახარჯოს. კერძოდ, თუ სამუშაო დღე არ აღემატება ექვს საათს, მაშინ სამსახურში ცალმხრივი მგზავრობის დრო არაუმეტეს 2,5 საათისა უნდა იყოს, ხოლო თუ სამუშაო დღე ექვს საათზე მეტია, მგზავრობის დრო სამ საათამდე განისაზღვრა.

კანონში ცვლილებები, ასევე, ლტოლვილთა ინტეგრაციულ სტაჟირებას ითვალისწინებს. ამის გარდა, დამსაქმებლები მიიღებენ სუბსიდიას, თუ ისინი ლტოლვილებს სამუშაოდან პროფესიული ენის კურსების გასავლელად გაათავისუფლებენ.

ცვლილებები გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) უნდა დაამტკიცოს და, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ამოქმედდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ