საყოფაცხოვრებო საქონლის დანიურმა ქსელმა, JYSK-მა უკრაინაში დღეს მე-100 მაღაზია გახსნა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
825 კვ. მ. ფართობის საიუბილეო მაღაზია ჩერნოვციში, სავაჭრო ცენტრ “ეკვატორში” გაიხსნა.
კომპანიას უკრაინაში 100 მაღაზიის გასახსნელად ზუსტად 20 წელი დასჭირდა. JYSK-ის პირველი ფრენჩაიზული მაღაზია კიევში, სუპერმარკეტ “ფურშეტის” შენობაში 2004 წლის ოქტომბერში გაიხსნა. მოგვიანებით მშობელმა კომპანია JYSK Nordic-მა უკრაინის ბაზრის პოტენციალი შეაფასა და 2012 წელს ფრენჩაიზი შეიძინა.
2022 წლის მარტში JYSK-მა რუსეთში 13 მაღაზია დახურა და ქვეყანა სამუდამოდ დატოვა. მას შემდეგ ქსელმა უკრაინაში 20 ახალი მაღაზია გახსნა, არსებული 17 მაღაზია განაახლა, ხოლო 6 დაზიანებული ან დანგრეული მაღაზია აღადგინა.
2025 ფინანსურ წელს JYSK უკრაინაში კიდევ ცხრა ახალი მაღაზიის გახსნასა და არსებული 12 მაღაზიის განახლებას გეგმავს.
ცნობისთვის: JYSK საყოფაცხოვრებო საქონლის საერთაშორისო საცალო ქსელია. კომპანია 1979 წელს ლარს ლარსენმა დააარსა და Lars Larsen Group-ის ნაწილია. ამჟამად ქსელს 48 ქვეყანაში 3,400-ზე მეტი ოფლაინ და ონლაინ მაღაზია აქვს, სადაც 31,000 თანამშრომელი არის დასაქმებული. 2023/2024 ფინანსურ წელს JYSK-ის შემოსავალმა 41,4 მლრდ დანიური კრონი, ანუ 5,6 მლრდ ევრო შეადგინა.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, უკრაინაში 720 ახალი საცალო მაღაზია გაიხსნა, ხოლო 233 დაიხურა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ