„გურია წელს ტურისტული თვალსაზრისით, აქტიური არ იყო,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა ლაშა ბერიკაშვილმა განუცხადა.
როგორც გიდმა აღნიშნა, ტურისტების სიმცირე გურიაში ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ რეგიონს არ გააჩნია სამსახური, რომელიც პროცესებს ორგანიზებას გაუწევს.
„გურია, სამწუხაროდ, წელს აქტიური არ იყო. შესაძლოა, ეს განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველი ის რომ გურიაში არ არსებობს ერთიანი სამსახური, რომელიც გაუწევს ორგანიზებას პროცესებს, მოიყვანდა სინქრონში კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის თანამშრომლობას, რაც, ვფიქრობ, გურიისთვის ძალიან დიდი დანაკარგია. ხელიდან გაშვებული შანსია,“ - აღნიშნავს ბერიკაშვილი.
გიდის თქმით, იგივე მდგომარეობაა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი რეგიონები ტურისტული განვითარების ფარდის მიღმაა დარჩენილი.
„ლეჩხუმი და ქვემო სვანეთიც ყოველთვის არის ფარდის მიღმა, იქაც საკმაოდ დიდი ჩავარდნა გვაქვს, პრობლემებია პოპულარიზაციის ნაწილში. რაც შეეხება რაჭას, მას პიარი არ აკლია. თუმცა რაჭაში მეტად პრობლემურია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხი. მიუხედავად ამისა, რაჭა წელს აქტიურობით გამოირჩეოდა,“ - განაცხადა ლაშა ბერიკაშვილმა.