„მოსალოდნელია, რომ მომდევნო 6 თვის ბოლოსთვის, ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან, ხოლო გამყარდება რუბლთან და ლირასთან მიმართებით“

კვლევითი ორგანიზაცია PMCG 2024 წლის III კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეფასეს. მათი შეფასება გაუმჯობესდა წინა კვარტალთან შედარებით, მაგრამ გაუარესდა 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

2024 წლის III კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ნეგატიურია, თუმცა მათი მოლოდინი არსებითად გაუმჯობესდა წინა კვარტალთან შედარებით.

გარდა იმისა, რომ გამოკითხულმა ექსეპრტებმა შეაფასეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და დააფიქსირეს მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, მათ გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.

2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 6.7%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა წინა კვარტალში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.

• მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2024 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%-ია,რაც 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტლის პროგნოზთან შედარებით.

• მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.

• მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების ზრდა.

ნათია ზარიძე