თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევანი ქართველი ხალხის ხელშია - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა სურს, ჰყავდეს.
„იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან“, - აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
„ეს ღირებულებები ასახულია შეთანხმებებში: ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველოს ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ამ ნორმების ერთგული იქნება.
ნება მომეცით, ღიად ვთქვა: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან“, - აღნიშნა ელჩმა.