საქართველოში იმპორტირებული მანქანების 70%-ზე მეტი აშშ-ზე მოდის - როგორია მაჩვენებლები

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად შემცირდა, ქვეყანაში მანქანების 70%-ზე მეტი მაინც ამერიკიდან შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში სულ იმპორტირებული იქნა 1.978 მლრდ დოლარის ღირებულების 125 566 ერთეული მსუბუქი მანქანა, აქედან 1.069 მლრდ დოლარის ღირებულების 89 451 ერთეული აშშ-დან. შესაბამისად, გამოდის, რომ რაოდენობრივად აშშ-დან შემოსული მსუბუქი ავტომობილების წილი 71.2%-ს შეადგენს თანხობრივად კი 54%-ს. (2023 წლის რვა თვეში აშშ-დან შემოვიდა 1.298 მლრდ დოლარის ღირებულების 103 975 მსუბუქი მანქანა).

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილები გადის საქართველოდან აშშ-შიც, თუმცა მცირე რაოდენობით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს რვა თვეში ამერიკაში გავიდა 24 ერთეული მსუბუქი მანქანა 277.7 ათასი დოლარის ღირებულების, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 40 ერთეული, 433.6 ათასი დოლარის ღირებულების.

შეგახსენებთ, რომ Reuters-ს ცნობით, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროს პორტებში დოკერები (მტვირთავი მუშები) გაიფიცნენ, რაც 50 წლის განმავლობაში, სამუშაოს პირველი ყველაზე მასშტაბური შეჩერებაა. შედეგად, ქვეყნის საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით, ნახევარი გაჩერდა. ამ ფაქტმა კი, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა, საქართველოს მიმართულებით მანქანების გამოგზავნა შეაფერხა.

იხილეთ ასევე:

„აშშ-დან საქართველოს მიმართულებით მანქანები ვერ იგზავნება - რთული სიტუაციაა, გაიზრდება ღირებულება“

აშშ-ში პორტების გაფიცვა დაიწყო - ზარალი დღეში მილიარდობით დოლარია