ანა დოლიძე - საქართველოს პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და უწყებისგან საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საჯარო სკოლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის ვადების გახანგრძლივება კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, ახლა პროკურატურამ უნდა გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, თუ რატომ დაგვიანდა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„დღეს ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მოვედით და განცხადება შევიტანეთ უსერიოზულეს საკითხზე და ეს არის ასეულობით სკოლის რემონტის დაგვიანება, რის შედეგადაც, ამ წელს და წინა წლებში დაზარალდა ათასობით ოჯახი, ათასობით ბავშვი, ათასობით მშობელი. ბავშვები დაზიანდნენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ სტაბილური გარემო და მომთაბარე მოსწავლეებად იქცნენ. ასეთი სკოლები საქართველოს მასშტაბით არის ასეულობით. ათასობით ბავშვები დღეს საქართველოში არ ხვდება საკუთარ შენობაში საგანმანათლებლო პროცესისთვის მორგებულ ვითარებაში. აქ ჩვენ ვხედავთ ცალსახად კორუფციულ ინტერესს, ინტერესს ვიღაცა მაღალჩინოსანმა თუ მაღალჩინოსნებმა მოითბონ ხელი მრავალჯერადი, გაწერილი მშენებლობებით და ჩავარდნილი რემონტებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახლში წასვლა, რაც გამოაცხადა გიორგი ამილახვარმა, არის მიუღებელი ტერმინი. დღეს საქართველოს მოსახლეობას პროკურატურისგან სჭირდება ამ საკითხზე კონკრეტულ კითხვებზე პასუხები:

რატომ ჩავარდა ეს ტენდერები? რატომ დაგვიანდა სკოლების რემონტი? რატომ არის ასეთი სისტემური და ფართომასშტაბიანი მოვლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით? ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ როგორც ხდება ხოლმე მსგავსს სიტუაციაში, რომ ვიღაც პირებმა აქ ხელი მოითბეს, აშენდნენ ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური სიმშვიდის ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პროკურატურიდან დაიწყოს სასწრაფოდ გამოძიება სკოლების რემონტის საკითხზე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ თვითონ მივაქცევთ ყურადღებას, ყველა ის ყოფილი განათლების მინისტრი ბატონი ამილახვარი, ბატონი ჩხენკელი და მანამდე ვინც იყო, ვინც დაიწყო ეს გაუთავებელი პროცესი სკოლების რემონტების და ჩააგდო ეს პროცესი დაიბარონ აქ, სასწრაფოდ დაკითხონ და დაიწყოს გამოძიება სკოლების რემონტის საკითხზე“,- განაცხადა ანა დოლიძემ.