ბანკთაშორისი ინფორმაციის გადაცემისა და გადახდის საერთაშორისო სისტემა, SWIFT ტოკენიზებული აქტივებითა და ციფრული ვალუტებით რეალურ დროში ტრანზაქციებს მომავალ წელს დატესტავს.
ინფორმაციას SWIFT-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს მოვლენა გახდება ბოლო ნაბიჯი გლობალურ ფინანსურ სისტემაში ციფრული აქტივების ნელი ინტეგრაციისთვის, რადგან ბანკები და აქტივების მმართველები რამდენიმე წელია, ტრადიციული აქტივების, მაგალითად, ობლიგაციების ტოკენიზაციის შესაძლებლობას იკვლევენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენების გამოყენება ვაჭრობას უფრო სწრაფს, იაფსა და ეფექტურს გახდის, რადგან, მათ შორის, ბევრ ტრანზაქციაში ჩართულ შუამავლებს აღმოფხვრის.
ამასთან, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების, დაახლოებით, 90% ციფრულ ვალუტას (CBDC) ტესტავს, რამაც შესაძლოა, ტოკენიზებულ აქტივებში ტრანზაქციებს ხელი შეუწყოს. ამ ტესტებში SWIFT აქტიურად მონაწილეობს და მოქმედ ფინანსურ სისტემასთან CBDC-ის დასაკავშირებლად უკვე პლატფორმაც აამოქმედა.
„სექტორს სურს, ამ საცდელი ეტაპიდან გამოვიდეს და დაინახოს, რომ ციფრული აქტივი რეალურად მოძრაობს და კონტრაგენტი მას რეალური ფულით გადაუხდის. ამ ეტაპზე მომავალ წელს გადავდივართ,“ - აცხადებს SWIFT-ის ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკ კერიგანი.
ცნობისთვის: SWIFT-ის ქსელი მთელს მსოფლიოში 11,000-ზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციას აერთიანებს და ყოველდღიურად, საშუალოდ, 28 მილიონზე მეტ საერთაშორისო გზავნილს ამუშავებს. Celent-ისა და BNY Mellon-ის გამოკითხვის თანახმად, ინსტიტუციონალური ინვესტორების 91% ტოკენიზებულ აქტივებში ინვესტიციით არის დაინტერესებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ