გაზის გლობალური მოთხოვნა მომავალ წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს, რადგან აზიასა და ევროპას შორის თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) კონკურენცია გაძლიერდება.
ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახალ ანგარიშში პროგნოზირებს.
IEA-ს ენერგეტიკული ბაზრებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, კეისუკე სადამორი აცხადებს, რომ წელს და მომავალ წელს გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ ეტაპობრივ გაჯანსაღებას ნიშნავს. მისი შეფასებით, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის დაწყების შემდეგ გაზის გლობალურ ვაჭრობაში LNG-ის როლი გაიზარდა და თხევადი ბუნებრივი აირი მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
IEA წერს, რომ 2024-2025 წლების ზამთრის წინ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მთავარი გაურკვევლობა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტია. კერძოდ, ამჟამინდელი კონტრაქტები 2024 წლის ბოლოს იწურება, რაც შესაძლოა, რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისთვის ყველა გაზსადენით მიწოდების დასრულებას ნიშნავდეს. ეს ევროპაში 2025 წელს მეტი LNG-ის იმპორტს მოითხოვს.
IEA-ს თანახმად, წელს გაზის გლობალური მოხმარება რეკორდულ დონეს მიაღწევს და ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდება, ხოლო ზრდის მთავარ დრაივერად აზია დარჩება.
ცნობისთვის: 2023 წელს IEA-მა წიაღისეული საწვავის ეპოქის დასასრულის დასაწყისი გამოაცხადა. სააგენტოს ვარაუდით, ქვანახშირზე მოთხოვნამ პიკი 2023 წელს უკვე გადაიარა, ხოლო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე პიკი ათწლეულის ბოლომდე გადაივლის, რაც განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილების მასიურ დანერგვას უკავშირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ