საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.
„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.8% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და სექტემბერში 1.2% შეადგინა.
საბანკო სექტორში, აგვისტოში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების დოლარიზაციამ აგვისტოში 47.8% შეადგინა. აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 43.9%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება იმპორტს, აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურად 4.8%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური და საინვესტიციო სახის საქონლის ჯგუფების იმპორტი ამჯერად ზომიერად გაიზარდა.
აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 30.1%-ით გაიზარდა და 641.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის მაღალი ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა.
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 167.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.