რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვის, სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ამავე ცნობით, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, დედაქალაქიდან თელავამდე მგზავრობა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
მაგისტრალის ნაწილი, თბილისი-საგარეჯოს 4 ზოლიანი გზის ახალი 35 კმ-იანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა. გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.
სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.
მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს: ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს, რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
საერთო ჯამში, კახეთში 85 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა (თბილისიდან ბაკურციხემდე) აშენდება.
გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომლის დასრულების შემდეგ კახეთის საგზაო მიმართულების 52 კმ-იან ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მაგისტრალური გზით იმოძრავებს. ფაქტობრივად დასრულებულია გომბორის 33 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია.
2024 წელს მთელი კახეთის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებამ მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა.