„ონლაინ-კაზინოების 99% ქართველი მომხმარებელია - ტურისტების წილი გაზრდილ ბრუნვაში მიზერულია“

„ონლაინ-კაზინოების 99% ქართველი მომხმარებელია“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ UNICEF-ის ექსპერტმა, „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ, ტურისტების წილი ამ ბრუნვაში მიზერულია.

„ტურისტები, რომლებიც გემბლინგით ღებულობენ სიამოვნებას ჩვენს ქვეყანაში, ამას ახერხებენ სახმელეთო და არა ონლაინ-კაზინოებში. ტურისტული ნაწილი ამ საერთო ბრუნვაში არის მიზერული, შესაბამისად, ეს წნეხი აწევს საქართველოს მოსახლეობას. რაც არ უნდა ასაკი გავზარდოთ, რეკლამა შევზღუდოთ და ა.შ. ამას სჭირდება სისტემატური მიდგომა და მარეგულირებელი ორგანო“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ აზარტული თამაშების მონაწილეთა ასაკი 25 წლამდე შეიზღუდა. გუგა ბესელიას თქმით, ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა არანაირ სტატისტიკას არ ემყარებოდა, რადგან ასაკობრივი ზღვარი საერთაშორისო პრაქტიკაში არის 18-21 წლამდე.

მისი თქმით, მათ სარეაბილიტაციო კლინიკაში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი 25 წლამდე ახალგაზრდების მხრიდან.

„მომართვიანობა ჩვენს სარეაბილიტაციო კლინიკაში არის საკმაოდ მაღალი და ამავდროულად, ბენეფიციარების დიდი ნაწილი 21-24 წლის ადამიანებზე მოდის, რომლებიც არიან თამაშდამოკიდებულები. ისინი თამაშობენ სხვების ანგარიშებით - ახლობლების, მეგობრების, ნათესავების. ისინი 14-15 წლის ასაკიდან იწყებენ თამაშს და 24 წლისკენ მიდიან იმ ფსკერამდე, როდესაც პრობლემის მოგვარებისთვის დახმარებას ითხოვენ.

ასევე ძალიან სახიფათოა დამოკიდებულებასთან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. სულ რომ ავკრძალოთ სათამაშო ბიზნესი, პრობლემა არ მოგვარდება. თამაშდამოკიდებული ადამიანები აუცილებლად მონახავენ გზას. მაგალითად, თურქეთიდან, სადაც აკრძალულია აზარტული თამაშები, ჩამოდიან ჩვენთან და აქ თამაშობენ, ანუ ალტერნატივას ნახულობენ“, - განაცხადა მან.

ბესელიას თქმით, ასევე აბსოლუტური სტერეოტიპია, თითქოს ეს პრობლემა უმეტესწილად მამაკაცებს აქვთ. მისი თქმით, ქალების წილი ქართულ რეალობაში საკმაოდ მაღალია.

ცნობისათვის, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელი მორიგი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.

ეკა დარჩიაშვილი