არის ერთი პოპულარული სასმელი, რომელსაც უნდა მოერიდოთ შვებულების დროს, განსაკუთრებით თუ თვითმფრინავით მოგზაურობთ. ამის შესახებ Express წერს.
Ski Vertigo-ს ექსპერტები არ გვირჩევენ ყავის დალევას აეროპორტში და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ენერგიის შევსების საშუალებაა, ამან შეიძლება ფრენის დროს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ყავის დალევას უნდა მოერიდოთ და ის უბრალო ჭიქა წყლით ჩაანაცვლოთ, არის ის, რომ მას შეუძლია თქვენი დეჰიდრატაცია, რაც შეიძლება არ იყოს იდეალური შორ მანძილზე ფრენის წინ.
„ყავა შარდმდენი საშუალებაა, რაც ნიშნავს, რომ ის აძლიერებს შარდის გამომუშავებას, რაც იწვევს ტუალეტში უფრო ხშირ გასვლას. ფრენის დროს სალონში ჰაერი საკმაოდ მშრალია, რის გამოც თქვენი სხეული ჩვეულებრივზე სწრაფად კარგავს ტენიანობას“,- აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, ყავის დალევამ შესაძლოა, ფრენის დროს თავის ტკივილის ალბათობა და კანის სიმშრალე გაზარდოს.
მათთვის, ვისაც ფრენის შფოთვა აწუხებს, ექსპერტები ამბობენ, რომ კოფეინს ფინჯან ყავაში შეუძლია გააძლიეროს ეს გრძნობები. კოფეინი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს გულისცემის მატებას და ნერვიულობას. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სტრესისა და ნერვიულობის გაძლიერება.