„პანდემიის მერე რაღაც მოგებაზე რომ გადის სასტუმრო, უკვე გვიხარია“ - რატომ მისტირის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი 2017 წელს

2016-2017 წლებთან შედარებით საქართველოში სასტუმროებს მოგება შეუმცირდათ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

„2017 წელს თბილისში ოთახების რაოდენობა მაქსიმუმ 10 000-ს შეადგინა, ახლა კი 40 000-ს გადააჭარბა. სასტუმროების სიმცირიდან გამომდინარე, ფასი იყო ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ახლა არის ანუ კონკურენცია გაიზარდა და ამასთან ერთად, გაძვირდა სასტუმროს შენახვა. ზუსტად ორჯერ არის მომატებული ხელფასები, კომუნალური გადასახადები, პროდუქტის ფასები და ა.შ. ამიტომ, როცა ვადარებთ 2016-2017 წლებს და დღეს, სასტუმროების მოგება 60-70%-ით მეტი იყო იმ პერიოდში, ახლანდელთან შედარებით.

თუმცა არის მეორე საკითხიც, პანდემიის მერე, უკვე რაღაც მოგებაზე რომ გადის სასტუმრო, უკვე გვიხარია.

თბილისშიც და ყველგან, არის ტურისტების ორი მიმართულება: 5-ვარსკვლავიანი და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მოთხოვნით, 4-ვარსკვლავიანის კატეგორია ძალიან მცირეა, დაახლოებით 4-5%. წლიურ ფასად რომ ავიღოთ, 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო საუზმით 60 დოლარიდან ღირს, 5-ვარსკვლავიანი - 180 დოლარიდან ზემოთ, ანუ შუა ფასი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი