ბრიუსელში ქარის ტურბინებს სახლის სახურავებზე დაამონტაჟებენ

ბრიუსელში ტესტავენ ქარის კომპაქტურ ტურბინებს, რომლის დამონტაჟებაც შენობის სახურავზე არის შესაძლებელი. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

სპეციალური მოწყობილობა ადგილობრივმა სტარტაპმა შეიმუშავა. კერძოდ, ქარის მცირე ტურბინა ჰაერის იმ ნაკადს იჭერს, რომელიც შენობის კონსტრუქციის თავისებურებების გამო სახურავის კიდეზე წარმოიქმნება.

ტექნოლოგია ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას წლის ნებისმიერ დროს იძლევა.

პირველი ქარის ტურბინა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე უკვე დამონტაჟდა. სულ ცხრა მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს. ისინი სახლის მცხოვრებლებს სიმშვიდეს არ დაურღვევენ, რადგან ჩუმად მუშაობენ და არ ვიბრირებენ.

ტექნოლოგიის დატესტვა ბელგიის მთელ ტერიტორიაზე იგეგმება.

ცნობისთვის: 2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მთლიანი მოხმარების, მინიმუმ, 42,5%-ს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ