„მფლობელის იმედად უნდა ვიყოთ - ატრაქციონების ნაწილი სავალდებულო შემოწმებას არ ექვემდებარება“

„ატრაქციონების ინსპექტირების კუთხით არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, რადგან რამდენიმე ასეული ატრაქციონია ქვეყანაში,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ განაცხადა.

შელია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავარ პრობლემას ატრაქციონების ინსპექტირების წესი წარმოადგენს. კერძოდ, სავალდებულოა მექანიკური ატრაქციონების ინსპექტირება, თუმცა ისეთი ატრაქციონი, როგორიცაა ბატუტი, სავალდებულო შემოწმებას არ ექვემდებარება, რის გამოც, მომხმარებელი მფლობელის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული.

„ატრაქციონების ინსპექტირების კუთხით არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, რადგან მათი რაოდენობა მცირეა. დაახლოებით რამდენიმე ასეული ატრაქციონია ქვეყანაში. ასე თუ ისე, ეს ატრაქციონები არის აღრიცხული. ამ სფეროში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრულია იმ ატრაქციონებისთვის, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო ინსპექტირებას. აქ საუბარია იმაზე, როგორი კონსტრუქციაა, მოძრაობის სიჩქარე როგორია და ა.შ. ეს არის მინიმალური სტანდარტები.

არის ისეთი ტიპის ატრაქციონები, რომლებიც სავალდებულო ინსპექტირებას არ ექვემდებარება, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვიყოთ მფლობელის იმედად. ასეთი შემთხვევა იყო ბათუმში, ბატუტი არ იყო ადეკვატურად დამაგრებული და ქარმა წაიღო. ასეთი ტიპის ატრაქცია, რაც არ არის მექანიკური მოწყობილობა, არ ექვემდებარება შემოწმებას. არავინ ამას არ ამოწმებს, უბრალოდ ვიღაცამ სწორად უნდა დაამონტაჟოს.

თუმცა არის შემთხვევები როცა მოგვმართავენ. მაგალითად, ვაკის პარკში გოგონა რომ გარდაიცვალა იმის გამო, რომ არასწორად იყო დაყენებული ელექტროსისტემა, ამის შემდეგ ვაკის პარკში გასართობი ცენტრის მფლობელმა მოგვმართა და გვთხოვა, რომ ყველა ატრაქციონი შეგვემოწმებინა, მარტო ორი ატრაქციონი ჰქონდა რაც კანონით სავალდებულო იყო ინსპექტირება, მაგრამ ინიციატივა გამოიჩინა და გვთხოვა ყველაფერი შეგვემოწმებინა და ეს სწორია“, - განაცხადა სანდრო შელიამ.

ცნობისთვის, „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის მერიის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე წერდა, რომ საქართველოში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი 47 ატრაქციონია რეგისტრირებული. აღნიშნულიდან 11 თბილისშია განთავსებული.

იხილეთ ასევე: 47 ატრაქციონი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველია - რამდენია თბილისში

მერი ტაბატაძე