„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2025 წლიდან ასაკობრივი პენსიის 20 ლარით მომატებას ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულს უცვლელად გთავაზობთ.
„ერთი, ოთხნაჭრიანი ხბოს მწვადის ღირებულების ოდენობით იზრდება 2025 წელს საბაზო პენსია, თვეში 20 ლარით. იაფიან რესტორანში შეიძლება ღორის ხორცის ორ მწვადსაც გასწვდე.
„ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლიან პერიოდში პენსია გაიზარდა ორას ლარზე ოდნავ მეტად. ამ ტემპით 1000 ლარიან პენსიას მივაღწევთ ოცდაათი წლის შემდე.
ეს არ გვემუქრება. 20 დღეში ეს მახინჯი და გადაგვარებული რეჟიმი ისტორიას ჩაბარდება“, - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტს უკვე წარუდგინა. პროექტის თანახმად, 2025 წელს პენსია იზრდება. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება. ამასთანავე, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს.