9 თვეში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის გამო, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი - 58 844 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული.