ევროკავშირში „გაწევრებამდე დახმარების ინსტრუმენტი“ საქართველოსთვის 2028 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი - სამინისტრო

ევროკავშირში „გაწევრებამდე დახმარების ინსტრუმენტი“ საქართველოსთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში.

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ტიპის მატერიალურ რესურსებზე გაუჩნდა ქვეყანას წვდომა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და რა ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მოვითხოვეთ, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ.

„როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსის მიღების შედეგად, საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ სახელმწიფოებს და მოიაზრებს მათ მხარდაჭერას ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში.

ევროკავშირში „გაწევრებამდე დახმარების ინსტრუმენტი“ („Instrument for Preaccession- IPA”) არის სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირი მხარს უჭერს გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას. ამ ეტაპისთვის, IPA-ს ინსტრუმენტის საშუალებით, ევროკავშირი დახმარებას უწევს ძირითადად ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებს პოლიტიკური, ინსტიტუციური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.

ამჟამად არსებული გაწევრებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA III) ბიუჯეტი გაწერილია 2021-2027 წლებზე და იგი დამტკიცდა 2021 წელს, მაშინ როდესაც საქართველოს ჯერ არ ჰქონდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ის არ არის საქართველოსთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, 2027 წლის შემდგომ დაგეგმილია, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება IPA-ს ინსტრუმენტში,“- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხში.

თაია არდოტელი