„მომდევნო დღეებში ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს“ - იობაშვილი საწვავზე

„მომდევნო დღეებში ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს“ , - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში საწვავზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის წინაპირობა, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა.

„ვინც არ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მაგალითები მოიყვანოს, მსოფლიოს სანავთობო ბაზარი აწესებს ფასებს, ასევე, საერთაშორისო „პლატსი“, ოპეკის ქვეყნები და ჩვენ გვინდა თუ არა, ამას მაინც მსოფლიოს გლობალური ბაზრები განაგებს.

რაც შეეხება ჩვენთან სიტუაციას, 5 თვეა, რაც განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა, საკმაოდ სტაბილური იყო. მაგრამ, დღეს თქვენ იცით, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე დაიწყო ფასთა კლება, საერთაშორისო „პლატსი“ იქნება თუ სანავთობო ბაზრები, ყველა დამოკიდებულია მსოფლიოს სანავთობო ფასებზე. ჩვენთან 5-დან 8 თეთრამდე მოხდა ფასების დაწევა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ წინასწარ გავაკეთოთ ფასების პროგნოზი და განცხადებები, არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს, რა იქნება ხვალ, ზეგ და ახლო მომავალში.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და გვაქვს გეოგრაფიულად ძალიან კარგი მდებარეობა, ბევრი სანავთობო ქვეყანა გვყავს ირგვლივ, ჩემი მოლოდინია ის, რომ მომდევნო დღეებში ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკვირდებით, არამხოლოდ სანავთობო ფასებს, არამედ, დოლართან მიმართებით ლარის კურსს. მთლიანობაში ფინანსურ მონაცემებიდან ყალიბდება ამა თუ იმ კომპანიაშიც ფასები“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ნინი ქეთელაური