ჩამოვწერთ ყველა უსამართლო ჯარიმას და გავანახევრებთ, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გავაუქმებთ. წარმოუდგენელია ასე უჭირდეს ხალხს და ასე წაუჭირო ყელში, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისა და ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ, ფასების მაფია და კატასტროფული ჯარიმები წარსულს ჩაბარდება.
„ფასების მაფია და კატასტროფული ჯარიმები, ეს არის ორი უდიდესი პრობლემა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. კატასტროფული ფასი აქვს ყველაფერს, კატასტროფული ფასი, რომელიც შექმნა მონოპოლიებმა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და “ ქართულმა ოცნებამ”. სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადადის ხალხი იმისთვის, რომ პროდუქტი იაფად შეიძინოს და გადმოდის უკან საქართველოში. მეორე მხრივ, წაუჭირეს ყელში და უზარმაზარ ჯარიმებს აწერენ. ვერ გაივლი სოფლებში, ყველა საუბრობს იმაზე, როგორი გაუსაძლისია ცხოვრება. ამიტომ ხალხო, ჩვენი გამარჯვებისთანავე, ჩვენ დავამარცხებთ ფასების მაფიას საქართველოში, ივანიშვილის ფასები წავა, გაიაფდება ყველაფერი.
მეორე მხრივ, ჩამოვწერთ ყველა უსამართლო ჯარიმას და გავანახევრებთ, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გავაუქმებთ. წარმოუდგენელია ასე უჭირდეს ხალხს და ასე წაუჭირო ყელში. ყველა პროდუქტი, ფქვილის მაფია, წამლის მაფია, წიწიბურა, შაქარი, ზეთი ყველაფერი მაფიაა.
საწვავის მაფია, საბანკო მონოპოლიები, ყოველმხრივ ახრჩობენ ადამიანებს და მეორე მხრივ კი ჯარიმები. ნახევარი მილიარდი ლარი ამოიღეს მხოლოდ ჯარიმებით.
როცა ამაზე ველაპარაკებით, სასაცილოდ არ ყოფნით. ისინი მოწყვეტილნი არიან რეალობას, ამიტომ 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ, ვამარცხებთ ფასების მაფიას, ვამცირებთ ფასებს, ვაუქმებთ ჯარიმებს. ნორმალურად ვიცხოვრებთ ევროკავშირის წევრ საქართველოში 14 მილიარდ ევროსთან ერთად, რომელიც ევროკავშირიდან მოდის.
ეს არის ორი უდიდესი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს, ფასების მაფია და კატასტროფული ჯარიმები, რომელიც სიცოცხლეს უსპობს და უნადგურებს ადამიანებს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავანგრიოთ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად”, - განაცხადა ვაშაძემ.